მღმერთობელი მეფე და მისი ვაზირი
- თქვა რუქამ არაკი:
- იყო ერთი მეფე, ღმერთობას ჩემულობდა და ვერცა ვინ ეტყოდა, რომ ღმერთი არა ხარო.
- ერთი ჭკვიანი და კარგი ვაზირი ჰყვა. მან მოახსენა: რადგან შენ ღმერთი ხარ, მაშა მე შენი ანგელოზობა მიბოძეო!
- უბოძა მან ღმერთმან თავისი ანგელოზობა.
- გამოხდა ხანი. უბრძანა მან ღმერთმან თვისსა ანგელოზსა: მოდი, ერთი სასწაული ვქმნათო!
- მისმან ანგელოზმან მოახსენა: თუ მისმენ, უცხოსა და კარგს სასწაულს გაქნევინებო.
- დაუჯერა და დააცლევინა სახლები მეფისა. სრულად ნეხვითა და ცხოვართა და ზროხათა ფაშვითა ფალანგით აავსებინა. გამოიხშა კარი. ზაფხულის ჟამი იყო.
- ათი დღე დაიყოვნა. მეათერთმეტე დღეს მივიდნენ: ჩვენი ნაქმარი სასწაული ვნახოთო!
- დააღეს კარები, ნახეს: სულ მატლი. ჭია და ფუნდურა დაჰხვეოდა და დია აყროლებულიყო.
- მეფემან უთხრა ვაზირსა: ეს რა გვარი სასწაულიაო?
- ვაზირმან მოახსენა: შენ რომ ღმერთი ხარ და მე შენი ანგელოზი, ჩვენგან ესეც დიდი სასწაულის ქმნა არის და არც უფროსი გამოგვივაო!
- - ჯუმბერ რომ უფლისწულია და ლეონ ოსტატი, ესეც დიდია, თხა-თიკანთ საქმე უსწავლებია და ყველაყას მოწონებაც გვმართებს, თვარა დაუწუნოთ, შერცხვინდება და მერმე ძროხა-კამეჩის საქმეს ვეღარ ასწავლის.
თავი 60 თავი 62